შოლცი – კობახიძეს პრეს–კონფერენციის გერმანულ ენაზე დაწყებისას: "დისერტაცია დუსელდორფში გაქვთ დაცული და შესანიშნავად ფლობთ გერმანულს"
12/04/2024 11:55:27 პოლიტიკა
"გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას", – ასე მიმართა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი პრეს–კონფერენციის დაწყებისას.
აღნიშნულის შემდეგ ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია გერმანულ ენაზე წარიმართა.
შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია მჭიდრო პარტნიორები არიან:
"გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს ტრანსფორმაციაში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში და ძალიან გვახარებს მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება „არამხოლოდ მთავრობის, არამედ მოქალაქეების სრული უმრავლესობის დიდი სურვილია“.
მან ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და თქვა, რომ გერმანია იმთავითვე უჭერდა ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და 2023 წლის დეკემბერში ბრიუსელის გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო, ბერლინისთვისაც მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემებზეც ვლაპარაკობთ“, - განაცხადა შოლცმა და ამის შემდეგ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გატარების“ შესახებ.
"ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა და დასძინა, რომ შარშანდელი ვერსია, „პრაქტიკულად, არ შეცვლლა“.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს:
"დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა შემდეგი განაცხადა:
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერ–ჯერობით არ არის, ალბათ, არც იქნება გადაწყვეტილი“.


