პრემიერი – ბუნდესტაგის პრეზიდენტს: ვიმედოვნებ, გერმანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ქვეყნის თანადგომას მომავალშიც განაგრძობს
12/04/2024 13:47:02 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.
აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


