დეპუტატებს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მოუწევთ
15/04/2024 05:02:15 პოლიტიკა
დღეიდან პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
"აგენტების" შესახებ კანონპროექტთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.
ორივე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრების მიერ არის ინიცირებული.
"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.
"გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებებით, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


