დღეს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვისას ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში არ შეუშვებენ
15/04/2024 05:14:02 პოლიტიკა
დღეს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვისას ონლაინმედიის ჟურნალისტებს, მათ შორის აკრედიტებულ კორესპონდენტებს პარლამენტში არ შეუშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.
საკანონმდებლო ორგანო მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
ამავე თემაზე: დღეს დეპუტატებს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მოუწევთ.


