საპარლამენტო ოპოზიცია: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი
15/04/2024 05:29:58 პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მიმართავს, გაიწვიოს "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოცნების“ მიერ ამ მავნებლური რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული ქვეყნის ევროპული საზოგადოების ნაწილი და რაც მთავარია, პირდაპირ უხსნის გზას კრემლის ინსტიტუციებს და იქიდან მომდინარე საფრთხეებს საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს ვართ ერთიანი, როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ცნობისთვის: პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


