სალომე სამადაშვილი: "2023 წლის მარტში ერთად ვიბრძოლეთ და შევაჩერეთ „ოცნების“ საბოტაჟი, ახლა შეუქცევადად რომ ვაქციოთ ჩვენი ევროპული მომავალი, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიციაა საჭირო"
15/04/2024 05:55:27 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დღეს პარლამენტთან მივიდეს და უთხრას უარი "რუსულ კანონს".
მისი თქმით, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ ეს რომ მოხდეს, „ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია სჭირდება“.
"შარშან, მარტში ერთად ვიბრძოლეთ და შევაჩერეთ „ქართული ოცნების“ საბოტაჟი და დღეს საქართველო არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც ვერ ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და შეუქცევადად ვაქციოთ ჩვენი ევროპული მომავალი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამას ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია სჭირდება. ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, როდესაც იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. უკრაინელ ხალხს რომ ძალიან ხმამაღლა არ ეთქვა, რომ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ნებას არ ემორჩილება და ირჩევს ევროპულ მომავალს, ვერანაირი მხარდაჭერა მათ ვერ დაეხმარებოდა ევროკავშირიდან, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის როლი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას მიეცით ხმა უკანასკნელ არჩევნებში, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ: თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით საქართველოს პარლამენტთან დღეს და უთხარით: “არა” რუსულ კანონს და “კი” თქვენი შვილების ევროპულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს, ამ ქვეყნის შემდეგი თაობების მომავალი თითოეული თქვენგანის ხელშია. არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენი საყვარელი სამშობლოსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


