თინა ბოკუჩავა: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსული კანონი არ მიიღოს პარლამენტმა"
15/04/2024 06:03:30 პოლიტიკა
"ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს, შემოიტანოს რუსული კანონი, რომელიც ემსახურება ქართველი საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირებას ემსახურება.
„ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ივანიშვილს პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს, შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს: კი ევროპას, არა რუსულ კანონს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის: პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


