პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს
15/04/2024 06:24:33 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!” აქციაზე მყოფები აპროტესტებენ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დღეს დილიდან იწყება.
აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების ხმა და შეძახილები “არა რუსულ კანონს”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა დილით ჩანიშნული აქციისა, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაიმართება საღამოს, 19:00 საათზე.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


