ანა ნაცვლიშვილი: "ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა!"
15/04/2024 07:49:25 პოლიტიკა
"ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა!", - აღნიშნული განცხადება „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ნაცვლიშვილმა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც ტელევიზიების გარდა, სხვა მედიასაშუალებებს პარლამენტში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა.
“ვაყენებ წინადადებას, რომ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს და გვიყურებს, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დაშვების თხოვნით, მათ შორის ონლაინ მედიაპლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრათ, რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. თუ შეიძლება წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება, რატომ არ არიან, მაგალითად, ონლაინ მედიაპლატფორმები წარმომადგენლები დაშვებული, სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული. დასაბუთება გვჭირდება, ვიცოდეთ, რატომ არა.
მეორე საკითხი, რომელსაც მე პროცედურაზე პოლიტიკური ჯგუფი "ლელოს" და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძალიან ბევრი სხვა ჯგუფის წარმომადგენლის სახელით ვაყენებ, არის წინადადება - გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა "რუსული კანონი!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.


