Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც

მამუკა მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც

15/04/2024 08:55:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხო ძალის ინტერესი“ შეიძლება, განიხილებოდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით". ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

"ოკუპანტი ქვეყნის შემთხვევაში შეუძლებელია ეს [უცხო ძალის ინტერესი“ ] დადებითი კონტექსტით განიხილებოდეს, რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, თუ პოლარიზაციას და ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს მეგობრული დამოკიდებულება არ არის, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამას დააფინანსებს, ეს ძალიან კარგია! ვიტყვით, რომ უცხო ქვეყნის ინტერესი ამ ქვეყანაში ამ შემთხვევაში არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვს წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს […] უცხო ქვეყნის ინტერესია მათ შორის ყველას მიერ აღიარებული ის პოზიტიური პროექტები, რაც არის, მაგრამ ნეგატიურს ეძახიან ცუდს და კარგს – კარგს, რა პრობლემაა?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათი თქმით, ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს.

„სიტყვა “უცხოეთი“ მიღებულია და როდესაც თანხა ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოდის, ასეთ დამფინანსებელ ორგანიზაციებს უცხოეთის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ. აშშ-ში, FARA-ს სახელწოდებაც ეს არის, რომელიც ლობისტების შესახებ კანონი არ არის. იგივე სათაური აქვს ფრანგულს, ევროკავშირშიც იგივე სათაურია. როცა ფული უცხოეთიდან შემოდის, მისი ინტერესია - უცხო ძალის ინტერესი მხოლოდ ნეგატიურს არ ნიშნავს და ეს შეიძლება, განიხილებოდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით", – დასძინა მდინარაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S