სალომე სამადაშვილი – მამუკა მდინარაძეს: ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას როგორ აპირებთ, თუ ამ კანონს მიიღებთ?
15/04/2024 09:48:45 პოლიტიკა
"როგორ დაიწყება ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკების პროცესი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს რუსულ კანონს"? - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
სამადაშვილის თქმით, 2023 წელს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი "მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია "აგენტების" შესახებ კანონპროექტი.
"კანონი რომ მიგეღოთ, სტატუსს ვერ მივიღებდით. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას როგორ აპირებთ, ამ კანონს თუ მიიღებთ? ამაზე მიპასუხეთ. ეს აუხსენით ხალხს, ნაცვლად იმისა, დემაგოგიაში რომ ხართ ჩართული", - მიმართა სამადაშვილმა მდინარაძეს.
სამადაშვილსა და მდდინარაძეს შორის ცხარე კამათის შემდეგ, მდინარაძემ შემდეგი აღნიშნა:
"გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ იმის გამკეთებლები არა ვართ, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემა შევქმნათ - ჩვენი რიგ შემთხვევებში ხისტი, მკაფიო და თავისუფალი გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით უფრო მეტად დაგვაფასებენ! ეს ყველაფერი მართლა ცალ ფეხზე დგომით არ უნდა გავაკეთოთ!".
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


