კალაძე ნაძვის ხის ასანთებად ოპოზიციასაც იწვევს
25/12/2019 08:16:24 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძვის ხის ასანთებად ოპოზიციასაც იწვევს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს, 20:00 საათზე იქნება ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონია, სადაც მინდა ყველა დავპატიჟო, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა და მობრძანდით, წამოიყვანეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები. მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს - მობრძანდით, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე საახალწლო, გასართობი ღონისძიებები გაიმართება:
„25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურ რეჟიმში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღის 12:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. აქ იქნება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, მულტფილმის გმირები, ბავშვებისთვის ატრაქციონები. ასევე, გაიმართება საშობაო ბაზარი. ყოველ საღამოს კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების, მუსიკალური ბენდების კონცერტები და დიჯეების წარმოდგენები გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საახალწლო კონცერტებში ესტრადის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება საზოგადოებას. წელს მეორე ლოკაცია არის ორბელიანის მოედანი, სადაც ანალოგიურად იქნება გასართობი ღონისძიებები. გარდა ამისა, იქ განთავსებული იქნება ყინულის მოედანი ბავშვებისთვის“.


