დავით უსუფაშვილი: ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად
15/04/2024 11:11:40 პოლიტიკა
ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღები საქართველოს მთავრობაა.
„რატომ არის ეს კანონი რუსული? რუსულია მიზეზი. ისევე როგორც პუტინი, „ოცნებაც“ გაღიზიანებულია საზღვარგარეთ თავისუფალი სამყაროს კრიტიკული პოზიციებით მათ მიმართ და ქვეყნის შიგნით, თავისუფალი ადამიანების კრიტიკული პოზიციებით მათ მიმართ. ეს არის მიზეზი, რატომ დასჭირდა პუტინს თავის დროზე ეს კანონი. ამერიკის შეერთებულ შტატებს „ფარა“ დასჭირდა მაშინ, როცა ამერიკელ ხალხს დაემუქრა ფაშიზმის და სოციალიზმის გავრცელების საფრთხე, ანუ ნაცისტური გერმანიის და კომუნისტური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს იყო მიზეზი რატომ გახდა საჭირო. ევროკავშირში რატომ ლაპარაკობენ უცხოეთის გავლენების თემაზე, იმიტომ, რომ კონკრეტულად რუსეთიდან გახშირდა საარჩევნო პროცესებში ჩარევა და ასევე ჩინეთიდან. ანუ ამ მიზეზით „ოცნების“ კანონი და რუსული კანონი არის აბსოლუტურად იდენტური. პუტინის მიზეზი იყო თავისუფალი სამყაროსა და თავისუფლად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეების იზოლირება, საზოგადოებისთვის მათი დანახვება როგორც რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის ერის ინტერესების საწინააღმდეგო. „ქართული ოცნების“ კანონი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ის ამბობს, რომ თუ გაქვს თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობა გარეთ, უკვე ხარ ქვეყნის მოღალატე. ასევე, ის კანონიც და ეს კანონიც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად ავტომატურად აცხადებს ყველას, ვინც დაფინანსებას იღებს თავისუფალი სამყაროს ფონდებიდან. ვინაა ყველაზე დიდი მიმღები უცხოური გრანტების საქართველოში? უცხოური დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღები საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მთავრობას ბოლო წლებში 2 მლრდ ლარზე მეტი აქვს მიღებული იმ სამყაროდან გრანტის სახით. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 20% მიიღო, ის უკვე უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს. ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


