„სვეტის“ ყოფილ ობიექტებზე მშენებლობის დაწყებას მ2 სავარაუდოდ, თებერვალში შეძლებს"
25/12/2019 08:33:57 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის სხდომა შესაბამისი საქალაქო კომისიის რეკომენდაციას განიხილავს და „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას. როგორც თბილისის მერი ვარაუდობს, „სვეტის“ ყოფილ ობიექტებზე მშენებლობის დაწყებას სამშენებლო კომპანია „მ2“ თებერვლიდან შეძლებს:
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ რომ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს აქტიურად არის ჩართული ჩვენი სამსახურები როგორც სატრანსპორტო ურბანული არქიტექტურა გარემოს დაცვითი სამსახური ამ მჭიდრო კომუნიკაციით და თანამშრომლობით უკვე თებერვალში შესაძლებელია უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებით „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს თბილისის საკრებულოს მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი აქვს მინიჭებული.
ცნობისთვის: სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტების მშენებლობას კომპანია m2 განაგრძობს. თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის ამ საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სექტემბერში გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება. m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს.


