არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი – "ოცნებას": "პუტინს არ უკადრებია ეს, რომ დაფინანსება მიეღო ქვეყნისგან, რომელსაც უცხო ძალას ეძახდა"
15/04/2024 17:04:19 პოლიტიკა
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ "პუტინს არ უკადრებია ეს, რომ დაფინანსება მიეღო ქვეყნისგან, რომელსაც უცხო ძალას ეძახდა". ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"დამისახელეთ ერთი ქვეყანა, რომელიც უცხო ძალას ეძახის ქვეყანას და იმისგან სახელმწიფო იღებს დაფინანსებას. ქართველებიც კი ასეთ "ვიგოდნიკურ" კანონს არ დაწერდნენ. რანაირად შეიძლება, ერთი ყულაბიდან მოდიოდეს თანხა თქვენთანაც და ჩვენთანაც და თქვენთან არ ტარდებოდეს უცხო ინტერესები და ჩვენთან ტარდებოდეს. ასეთი ქვეყანა არ არსებობს. პუტინს არ უკადრებია ეს, რომ დაფინანსება მიეღო ქვეყნისგან რომელსაც უცხო ძალას ეძახდა. რუსეთიც კი იმ ქვეყნებისგან, ვისაც ეძახის უცხო ძალას, დაფინანსებას არ იღებს ", მიმართა მან "ქართულ ოცნებას".
საპასუხოდ მას ოხანაშვილმა ასე მიმართა:
"არ გრცხვენია? ზრდილობას მოუხმეთ. ვერ ხვდებით, სად ხართ. ვისი სახელით საუბრობ?".
"იმ ხალხის სახელით, რომელსაც თქვენ ცდილობთ დაარქვათ სახელი, რომელსაც არ დავირქმევ", – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
განხილვის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.


