ზურაბ ჯაფარიძე მისი ორი თანაპარტიელის დაკავების შესახებ იუწყება
15/04/2024 18:42:22 პოლიტიკა
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტიის ორი წევრი იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე დააკავეს.
აქციაზე პერიოდულად აკავებენ ადამიანებს.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების" შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს კომიტეტი 10:00 საათიდან ხმაურის ფონზე განიხილავდა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.


