ბათუმში დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის მოქალაქე დააჯილდოვეს
25/12/2019 09:35:49 საზოგადოება
ბათუმში დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის რაულ თებიძე დააჯილდოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. მისივე ცნობით, მადლობის სიგელთან ერთად მოქალაქეს მთავრობის ფონდიდან 2000 ლარიც გადაეცემა. მან დაჭრილ პოლიციელს პირველადი დახმარება ქუჩაში გაუწია და საავადმყოფოშიც გაჰყვა.
ცნობისთვის: 18 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კოტე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოქალაქემ შეაჩერა. მისი ინფორმაციით, როცა პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, მოქალაქემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ეკიპაჟის მეორე წევრმა პირი მაშინვე დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


