ილია მეორე: "მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე"
25/12/2019 11:03:36 საზოგადოება
მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მისი აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა.
„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვეფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ, სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის“, – ბრძანა უწმინდესმა.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს აღსაყდრების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 000–მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000–მდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.


