"თბილსერვის ჯგუფი": "საახალწლო ნაძვის ხეს გარკვეული დეტალები დაემატება"
25/12/2019 11:51:00 საზოგადოება
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი, 1 მილიონიანი ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს, საღამოს აინთება. თუმცა სოციალურ ქსელში უკვე დაიმსახურა მწვავე კრიტიკა ახალი წლის მთავარმა სიმბოლომ. კრიტიკული შენიშნვები კი მასში გადახდილ ფასს და მის იერსახეს უკავშირდება. მოგეხსენებათ, თბილისის მერიას საახალწლო ნაძვის ხე 995 800 ლარი დაუჯდა.
როგორც „აქცენტმა“ "თბილსერვის ჯგუფში“ გაარკვია, რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული ნაძვის ხე ნამდვილად ქალაქის მთავარი საახალწლო სიმბოლოა, ხოლო მას დასრულებული სახე ჯერ მიღებული არ აქვს:
„გარკვეული დეტალები დაემატება და დასკვნით სახეს დღეს საღამოს მიიღებს“
ცნობისთვის: 2019 წელს ნაძვის ხის, გასანათებელი მოწყობილობებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესაძენად თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 3 სხვადასხვა ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, რომლისგანაც 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ნაძვისხის სიმაღლე 25 მეტრია, 33 000 ცალი ნაძვისხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით არის გაფორმებული. შეკვეთილი ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ილუმინაციების დამზადების ბოლო ეტაპის გასაცნობად იტალიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა, ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა.


