ტელეკომპანიების "პირველის", "რუსთავი 2"–ის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო
25/12/2019 14:50:24 საზოგადოება
ტელეკომპანიების "პირველის", "რუსთავი 2"–ის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო.
„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო, ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, - წერს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
ინკასოს შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ტელეკომპანიებში "რუსთავი 2"–სა და "პირველშიც".
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ტელევიზიისთვის ინკასოს დადებას უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს.
„დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღეთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაედო ინკასო, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე. ეს არის შედეგი იმ გაფრთხილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ, დღესასწაულების წინ, არხის პარალიზება არ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა იჩენს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი გროვდებოდა თვიდან თვემდე. რამდენიმე წელი გავიდა, არ განუხორციელებიათ ესეთი მოქმედება და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხდიდით უკვე მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ გვაქვს მცირედი გადაცილება დროში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს ასეთი ღონისძიებები მომავალში, ჩვენ ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ,“ - აცხადებს პაატა სალია.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტელევიზიებს დავალიანების ძირი თანხის დასაფარად ერთ დღეს აძლევდა.


