„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც განხორციელდება, რუსეთს თავადაც ჰყავს ხომალდი, ზღვის ფსკერზე მილების ჩასაყრელად“
26/12/2019 08:40:36 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ამერიკული სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი მაინც განხორციელდება.
„რუსეთს თავადაც ჰყავს ხომალდი, ზღვის ფსკერზე მილების ჩასაყრელად“, – განაცხადა პუტინმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
თუმცა როგორც რუსული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკული სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტის დასრულება რამდენიმე თვით გაჭიანურდება.
ცნობისთვის: 18 დეკემბერს აშშ-ის სენატმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს მოაწერა.
აშშ–ის სანქციების გამო 22 დეკემბერს შვეიცარიულმა კომპანია „ოლსისმა“, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენებს ზღვის ფსკერზე ათავსებდა, ბალტიის ზღვაში სამშენებლო ზონიდან ყველა ხომალდი გაიყვანა. მილსადენების მოთავსებაში „ოლსისის“ სამი ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის „ფიონეერინგ სფირითი“, რომელიც საზღვაო პლატფორმების შესაქმნელად და ტრანსპორტირებისთვის მსოფლიოში უდიდესი ხომალდია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა. კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“.
„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.


