მთავრობა: ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო
21/04/2024 10:09:22 პოლიტიკა
სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომელიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


