Accentnews.ge
ოპოზიცია – „ოცნების" კონტრაქციაზე:  ყველამ, ვინც რუსთაველზე ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა

ოპოზიცია – „ოცნების" კონტრაქციაზე:  ყველამ, ვინც რუსთაველზე ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა

22/04/2024 08:00:03 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან „ქართულმა ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დაანონსდა.

"ბიძინა, ფული და სკამი - ეს არის "ქართული ოცნების" მთავარი სამება. ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ეკლესიაშიც არაა ნამყოფი. რატომ აკეთებს, ესაა მთავარი საკითხი. ყველა ხელისუფლებამ, ვინც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა. ხელისუფლება, რომელიც თავის თავს უტარებს აქციას, დიდხანს ვერ არის ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასაც" დაუდგა ის დრო, როცა იმდენად არ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში არიან, სჭირდებათ 50 000 ძალით მოყვანილი საჯარო მოხელე ქუჩაში. არავინ საზოგადოებაში მხარდამჭერი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. დაანებონ თავი ილიას ლოზუნგს. ჩვენ წავალთ სწორედ, ილიას გზით ევროპაში, თქვენ მიდიხართ ბიძინას გზით რუსეთში", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

"გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი. ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან", - განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და წერს, რომ წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია.

„29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს... წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია",- წერს მელია სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ "მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება":

„ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებენ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელეს. მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S