Accentnews.ge
ანა ბუჩუკური – „ოცნების" კონტრაქციაზე: „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს

ანა ბუჩუკური – „ოცნების" კონტრაქციაზე: „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს

22/04/2024 08:15:10 პოლიტიკა

"გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური ეხმიანება „ქართულმა ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დაანონსდა.

იგი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი. ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან," - განაცხადა ბუჩუკურმა.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S