Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: „ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია“

მამუკა მდინარაძე: „ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია“

22/04/2024 10:59:13 პოლიტიკა

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ბატონი ბიძინა აუცილებლად იქნება აქციაზე, ეს არის მისი სურვილი. ის დაესწრება აქციას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ მოუწოდა ყველას, პატივი სცენ აქციის მონაწილეებს.

"ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს აქციის თითოეულ მონაწილეს. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში და ახლა კონტრაქცია ხომ არ არისო? კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ. თავისი სახელი ერქმევა, ეს არის „ქართული ოცნების“ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა აქციაზე, დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია. გამჭვირვალობის ინტერესს რუსული ინტერესი არ ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე: "ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს: "ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა"

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S