Accentnews.ge
„ფაქტ-მეტრი": სტანო განმარტავს, რომ ევროკავშირის დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს

„ფაქტ-მეტრი": სტანო განმარტავს, რომ ევროკავშირის დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს

22/04/2024 11:52:13 პოლიტიკა

„ფაქტ-მეტრის“ ცნობით, მის მიერ გაგზავნილ კითხვაზე თუ „რით განსხვავდება ევროკავშირში დირექტივის პროექტი და „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტისგან, მათი მოქმედების არეალისა თუ მთლიანად მიდგომის გათვალისწინებით", ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს:

„ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.

დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.

გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას“.

გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ ცნობით, პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დირექტივის პროექტი ანგარიშვალდებულების ზრდისთვის გამჭვირვალობის ინსტრუმენტია, რომელიც არ კრძალავს აქტივობებს და არ მოიცავს კრიმინალურ სანქციებს.

"დამატებით, წერილობით პასუხში, პიტერ სტანომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის 17 აპრილის განცხადებაზე მიუთითა", – იუწყება „ფაქტ-მეტრი".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S