"თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, შეაჩეროს ის ხოცვა–ჟლეტა, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია ეწევიან"
27/12/2019 06:55:29 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, შეაჩეროს ის ხოცვა–ჟლეტა, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში ეწევიან.
"რუსეთი, სირია და ირანი ხოცავენ, ან ემზადებიან დახოცონ ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციაში. არ გააკეთოთ ეს! თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს ამ ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად", წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.


