გოცირიძე – მდინარაძეს: გადაწერეთ რუსეთის კანონი, რომელშიც ხანდაზმულობის ვადა 6 წელია და ისიც კი არ იცით, რომ საქართველოში ეს ვადა 3 წელია
29/04/2024 07:00:20 პოლიტიკა
"100 მილიონიც რომ დამალოს სუბიექტმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ხანდაზმულობის ვადის თანახმად, 3 წლის შემდეგ ეს ქრება, თქვენ აქ გიწერიათ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ 1 თეთრიც რომ დამალოს 6 წლის განმავლობაში მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა. პირდაპირ გაქვთ გადმოწერილი რუსული კანონიდან ხანდაზმულობის ვადა", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" ლიდერ მამუკა მდინარაძეს.
გთავაზობთ მდინარაძესა და გოცირიძეს შორის საუბარს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გაიმართა:
– ბატონო მამუკა, საქართველოს საგადასახადო კოდექსი თუ წაგიკითხავთ?
– დიახ.
– ამ კანონის დაწერის დროს ფინანსთა სამინისტროსთან გქონდათ რაიმე კონსულტაცია?
– არა
– ამიტომ მოგახსენებთ, რომ ამ კანონში როდესაც წერია, რომ ეს კანონი არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას, ამოღებული უნდა იყოს სიტყვა "არ" და პირდაპირ უნდა ეწეროს, რომ ეს კანონი ზღუდავს. ჯერ ერთი იმიტომ ზღუდავს, რომ ის ახდენს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მტრულად გამოცხადებას და იქიდან მიღებული დაფინანსების, ასე ვთქვათ, ქვეყნის საზიანოდ გამოყენებას. მაგრამ მთავარი, რასაც თქვენ ამბობთ, აბა დაასახელეთ რა არის რუსულიო, თქვე არ იცით ჩვენი საგადასახადო კოდექსი. ზღუდავს ფინანსურად. ჯარიმები რომელიც მე–9 მუხლშია, მაგალითი მომყავს. პირველ მუხლთან დაკავშირებით გიმტკიცებთ, როგორ ზღუდავს. თქვენ აიღეთ და გადაწერეთ რუსეთის კანონი, კერძოდ, პირდაპირ რუსეთის საგადასახადო კოდექსის 113–ე მუხლი, რომელშიც წერია, რომ ამ კანონში სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წელიწადი არის. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ საქართველოში საგადასახადო კოდექსის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია.
– რა შუაშია?
– [საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად] 100 მილიონიც რომ დამალოს სუბიექტმა, 3 წლის შემდეგ ეს ქრება. თქვენ აქ გიწერიათ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ 1 თეთრიც რომ დამალოს 6 წლის განმავლობაში მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა. პირდაპირ გაქვთ გადმოწერილი რუსული კანონიდან ხანდაზმულობის ვადა. ჩემი წინადადებაა, სიტყვა "არ ზღუდავს" უნდა ამოიღოთ და დარჩეს "ზღუდავს".
ამასთან, მისი მეორე წინადადებაა, კანონში ჩამაწერი "აწესრიგებს სუბიექტის "უცხოური ძალის", უნდა იყოს შეცვლილი ჩნაწერით – "აწესრიგებს სუბიექტის მტრული ძალის".
"უცხოური ძალა არის კეთილიც და მტრულიც, წინადადება მაქვს თუ მაინცდამაინც გვინდა ეს მტრებს ეხებოდეს, დავწეროთ მტრული, მავნებლური, მწვალებლური, რუსული, პუტინისტური", – განაცხადა გოცირიძემ.


