Accentnews.ge
"იმედი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"იმედი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

27/12/2019 14:38:14 საზოგადოება

„იმედის“ ჰოლდინგი გამოთქვამს შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში" - ამის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებლ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრატიულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა, „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის „დაზოგვით“ აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა, მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებლი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია.

ტელეკომპანია "იმედი", მიუხედავად "რუსთავი 2" - ის გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა „იმედი“ იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი, დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე".

ცნობისთვის: 25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

ტელეარხები, რომელთა ანგარიშებსაც ინკასო დაედო, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უსამართლობად აფასებენ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ და აინტერესებთ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს.

26 დეკემბერს, „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა განაცხადა, რომ როგორც კი ქვეყანაში შეიცვალა ვითარება, როცა სახელმწიფო „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს დავალიანებას პატიობდა და ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ ვალდებულებები ყველამ თანაბრად უნდა შეასრულოს, ტელეკომპანიამ დაიწყო მიმდინარე გადასახადების გადახდა. რაც შეეხება ადრე დაგროვილ დავალიანებას, ლაშხის თქმით, მას ფინანსთა სამინისტროსთან კანონიერად მიღწეული შეთანხმებით, ეტაპობრივად დაფარავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S