Accentnews.ge
პრეზიდენტი: ქართულმა ჯარმა ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დგას ჩვენს გვერდში

პრეზიდენტი: ქართულმა ჯარმა ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დგას ჩვენს გვერდში

30/04/2024 07:41:20 პოლიტიკა

დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდლობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათაშორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდლობენ საზოგადოების გახლეჩას,– ასე მიმართა მთავარასარდალმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც, მათ შორის ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, მტერმა კარგად იცის, რომ ქვეყნის სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აქამდე, მიუხედავად არაერთი კრიზისისა, საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით კითხვები არ დასმულა:

„30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული – ევროპული პერსპექტივა – ჩვენი დამოკიდებულობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშივიდობისა და განვითარების ერთადერთი გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა იყო, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობა იყო, მაგრამ ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები“.

პრეზიდენტმა გაიხსენა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა და ამ მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

„დღეს ვიღაცეებს სურთ, რომ ჩვენი 30–წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტია“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში. ეს დიდი ტყუილი და მავნებლობაა! ჩვენ და უპირველესად, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერი – ვინ ებრძოდა მე–19 საუკუნიდან მოყოლებული ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას, საქართველოს დამოკიდებლობის ყოველ მცდელობას.

დღეს იმის მტკიცება, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა!

ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა, გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში“.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანა გზაგასაყარზეა და ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს ყოფნა არყოფნის თაობაზე – რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა – „ყველას გვევალება, მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი“:

„ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს!“.

მან მადლობა გადაუხადა ჯარს წარსულისთვის და მომავალი გამარჯვებისთვის:

„თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის – მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგეხართ!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S