სირიაში ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
27/12/2019 14:43:19 მსოფლიო
„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ განცხადებით, სირიის ქალაქ თელ-თამერში ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისივე ცნობით, თელ-თამერში აშშ-ის არმიის სამხედროები თარჯიმანთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა ადგილობრივების განწყობები გაეგოთ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქურთებმა სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის გამო ამერიკელებს მოღალატეები უწოდეს და ჯარისკაცებთან შეხლა–შემოხლა სცადეს. დაძაბულობის დროს, შემთხვევის ადგილზე რუსი სამხედროები მივიდნენ და როგორც „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" იუწყება, ერთი და იმავე ტერიტორიაზე ყოფნის გამო, ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თელ-თამერი ერთ-ერთი ქალაქი იყო, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად დატოვეს.


