Accentnews.ge
მეგრელიშვილი: მე მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ სამყაროში, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება

მეგრელიშვილი: მე მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ სამყაროში, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება

30/04/2024 10:11:52 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ შეკრებას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზებაში დახარჯული თანხები გაუმჭვირვალეა.

„29 აპრილს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ფონზე. გუშინ მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ 100 ათასი კაცი ყოფილიყო, გინდა 50 ათასი. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს, ცხადია, დაფინანსება სჭირდებათ. წარმოვიდგინოთ, თითოეულ ადამიანი საშუალოდ 100 რომ ღირებულიყო, დაიხარჯა დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს, ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული? სად არის ის გამჭვირვალობა?“ - მიმართა მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შეაფასა 29 აპრილს გამართულ კონტრაქციაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა და მისი განცხადება „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ.

„გუშინ მთავარი ამბავი მოხდა – გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, მე მგონი სამყაროში, რომელიც იმართება შეთქმულების თეორიის შესაბამისად. თურმე აღმოჩნდა, რომ 2004 წლიდან ჩვენ გვმართავენ „მასონები“, „მასონები მართავენ მსოფლიოს“ - დაახლოებით, ეს მოვისმინეთ…

თქვენმა ლიდერმა დააფიქსირა მტრები, არც ერთის სახელი არ უთქვამს, სახელებად რა ჰქვიათ, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებს? ადამიანები ხომ არიან, ვინ არიან ესენი? ესენი ეფემერული არსებები არიან? დამალულები არიან? ეზოთერული ცოდნაა საჭირო რომ ვიცოდეთ? თუ თქვენც იცით, ვინ არის თქვენი მტერი, რომელიც თურმე ოცი წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს? ...

თუ აგენტების მეშვეობით გვმართავენ, ხელისუფლების მოსვლიდან გუშინდელ დღემდე, თურმე სიმართლეს ვერ ამბობდით - ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა პირადად გამოსვლა… სახელები მაინტერესებს, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ „ლიდერშიპი?“ - მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის წევრებს.

დეპუტატი დაინტერედამ: "გლობალურ ომის პარტიასთან" ბრძოლის გაგრძელება რა უნდა იყოს? ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების სრული აღმოფხვრა? წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ გჯერათ, შეთქმულების თეორიაზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოთ და არ მოგიწიოთ ამ ხალხის დასახელება?“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S