არმაზ ახვლედიანი: "ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი არჩევნებში ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს, რადგან მან გუშინ თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის
30/04/2024 10:39:40 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ "გუშინ ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს, რადგან მან თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის". ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"ზუსტად ვიცი, რომ გუშინ „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ, მთელი ქვეყნის, მტრის თუ მოყვრის გასაგონად თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის, რომ ე.წ. სუვერენიტეტს, სუვერენიტეტის იდეას ამოფარებულ ქართულ მთავრობას სურს, არა დემოკრატიული არჩევნების, არა პლურალისტური დემოკრატიის გზით, არამედ არჩევნების დემოკრატიული, სამართლიანი იდეების გაუქმების, კრემლისტური კანონმდებლობის შემოღების, დაშინების, რეპრესიების, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გზით ატაროს საქართველო. ივანიშვილის გეგმა ერთადერთია, არჩევნების გაყალბების, უმძიმესი წინასაარჩევნო, რეპრესიული გარემოს შექმნით კვლავ მიიტაცოს ძალაუფლება და ამის შემდეგ, უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები მოაწყოს საქართველოში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამას არ დავუშვებთ, წინ აღვუდგებით საქართველოს რუსიფიკაციას“, - განაცხადა ახვლედიანმა.


