ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ იზიარებენ შავგულიძის წინადადებას
30/04/2024 14:04:59 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, განმარტავს, რატომ არ იზიარებენ ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის წინადადებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
"ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ კანონს მხარს არ დაუჭერთ და ტერმინის შეცვლა არაფერს არ ნიშნავსო, მაშინ არ გვეთანხმებით ჩვენ კანონის არც ტერმინოლოგიასა და არც სულისკვეთებაში. ჩვენ შემოგთავაზეთ, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებს რომ ჩავწეროთ, თუ დაუჭერთ მხარს–თქო, თქვენ გვეუბნებით, რომ არ დავუჭერთო. ამიტომ თქვენი შემოთავაზება არ არის გაზიარებული თქვენივე კოლეგების მხრიდან. მაშინ მე გთხოვთ, ჩამოთვალოთ შემდგომ მუხლებზე კიდევ რა საკითხები უნდა შეიცვალოს, რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს", – მიმართა შავგულიძეს ოხანაშვილმა.
მანამდე, შავგუულიძემ მას ასე მიმართა:
"მე შემოგთავაზეთ, რომ რადგან ეს კანონპროექტი არასამთავრობო და მედიასაშუალებების უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად გამოცხადების ერთადერთ კრიტერიუმად ითვალისწინებს წლიური შემოსავლის 20%–ზე მეტს ამ ორგანიზაციების მიერ უცხოური ძალისგან მიღების ფაქტს და არანაირ დასაბუთებას არ ითვალისწინებს, რატომ უნდა ჩაითვალოს ის უცხოური ინტერესების გამტარად? გთხოვთ მოხდეს, თუ გაიზიარებთ, ამ ორგანიზაციების რეგისტრაცია არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად, არამედ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად, რა ფაქტიც სახეზეა და ნუ დააბრალებთ მათ, თუ თქვენი მიზანი მართლაც არ არის სტიგმის მიწებება ამ ორგანიზაციებზე".


