ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სექსისტური გამონათქვამებით მიმართა
30/04/2024 16:03:37 პოლიტიკა
"აგენტების კანონის" მეორე მოსმენით განხილვაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რომელიც კანონის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობს, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სექსისტური ფრაზებით მიმართა.
ამერიკელი და გერმანელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ ოხანაშვილმა თქვა:
„მე გარკვეულ საკითხებში მაქვს უკეთესი ცოდნა და გამოცდილება, ყველაფერში ვერა და არა, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სადაც მაქვს, ფაქტებით გესაუბრებით“.
ამ განცხადებას დარბაზიდან ხატია დეკანოიძის რეპლიკა მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძე ღიზიანდება იმის შეხსენებაზე, რომ უკრაინაში საჯარო სამსახურის გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მას შემდეგ, რაც დეკანოიძემ ოხანაშვილთან საუბარი არ შეწყვიტა, ოხანაშვილმა სექსისტური მიმართვა გამოიყენა:
„ქალბატონო ხატია, თქვენ ნუ ღიზიანდებით იმაზე, რაც გააკეთეთ. მოქალაქეობა დათმეთ და რომ გახსენებთ ამას, ამაზე ღიზიანდებით და გადმოდიხართ შეურაცხყოფაზე. ვერ მომაყენებთ შეურაცხყოფას უბრალოდ, ვერ მომაყენებთ, მიხვდით? თავი შეიკავეთ. ქალბატონ მანდატურს ვთხოვ, დამამშვიდებელი მიუტანოს ქალბატონ ხატიას. სამადაშვილს არც დამამშვიდებელი არ შველის“, – განაცხადა მან.
პარლამენტში კვლავ იყო ხმაური და მან ერთ–ერთ დეპუტატს ასევე შეურაცხმყოფელად მიმართა: „ხმას დაუწიე შენ, ხმას დაუწიე, ხმას და როცა მოგცემენ საშუალებას, მაშინ გააღე ეგ პირი. უფლებას როცა მოგცემთ, მაშინ გააღე ეგ პირი... შენც ხომ არ გჭირდება დამაწყნარებელი?“.
დეკანოიძემ სექსისტური უწოდა ქალი დეპუტატების მიმართ ოხანაშვილის განცხადებებს და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარე არასერიოზულად მიუდგა მიმართვას.


