კრამონი: ტიტუშკები. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც გვინახავს რუსეთსა და ბელარუსში
30/04/2024 21:09:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში სპეცრაზმის მიერ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.
„ტიტუშკები. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც გვინახავს ანტი-მაიდანზე, რუსეთსა და ასევე, ბელარუსში: ყოველთვის (პოლიციის) სპეციალური ძალები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობით“, - წერს იგი ფეისბუკზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც სპეცრაზმელები აქციის მონაწილეზე ჯგუფურად ძალადობენ.
ევროპარლამენტარი ასევე აზიარებს ინფორმაციას ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში 1-2 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე, რომლის დროსაც „ჩაეშვება ევროკავშირის დაფინანსებული არაერთი პროექტი“.
ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო, ევროკავშირმა საქართველოსთან ერთად ახალი პროექტები გამოაცხადოს.
„ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ორგანიზება“, - თქვა მან.
„ეს არის ის, რასაც საქართველოში ხალხი ელის, და რასაც იმსახურებენ“, - დასძენს ევროპარლამენტარი.
საღამოს სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო, გამოიყენეს სპეცსაშუალებები, იყო ძალადობის შემთხვევები, მომიტიმგეთა დაკავება, თუმცა პროტესტი გრძელდება, ვითარება კვლავ დაძაბულია.


