ხაბეიშვილი განმარტავს, რატომ აღმოჩნდა სამართალდამცველების ალყაში: "რასაც ხედავთ ჩემ ტანზე, ეს არის რუსეთი"
01/05/2024 08:38:40 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელზეც სამართალდამცავებმა გუშინდელ აქციაზე ფიზიკური ძალა გამოიყენეს, განმარტავს, რატომ აღმოჩნდა სამართალდამცველების ალყაში. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.
რა თქვა ხაბეიშვილმა
"ალბათ, ბევრს გაუხარდა ასეთ მდგომარეობაში ჩემი ხილვა... თუ არ გიხარიათ, კარგია. შემომხედეთ ერთ თვალში მაინც, მეორეში ვერ შემომხედავთ. გუშინ ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპობეი, მე როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი აქციაზე და ეს პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე ბავშვი რომ შეყავდათ, გავემართე ამ ბავშვისკენ, რომ იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და იქნებ ასე არ მოექცეთ–თქო. ამის შემდეგ "ხარებას" დაჯგუფების ალყაში მოვხვდი.
დაახლოებით, 10–15 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ. როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივადო და ასე არ გამოვაო. იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით მერე თავი დაარტყაო. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და მერე აღარ გამლახავდნენ, ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. [...]
რასაც ხედავთ ჩემ ტანზე, ეს არის რუსეთი. სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. [...] მიუხედავად ყველაფრისა აღდგომის კვირაა, რომ ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა. გთხოვოთ, რომ ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, იმ ახალგაზრდების გამ, ვისაც თმის ღერიც ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, გთხოვთ იქებ ეს კანონი გაიტანოთ. ადამიანურად გთხოვთ. გადადეთ კანონის განხილვა 5 თვეშია არჩევნები და ხალხმა გადაწვიტოს. თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, გამოდით გარეთ ყველა და დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.


