Accentnews.ge
ახვლედიანი – "ოცნებას": ყველა ვხედავთ, რა დევს ამ კანონის მიღმა, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მიიღებთ უფრო დიდ შეკრებას

ახვლედიანი – "ოცნებას": ყველა ვხედავთ, რა დევს ამ კანონის მიღმა, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მიიღებთ უფრო დიდ შეკრებას

01/05/2024 09:29:56 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ "ჯერ არ შესულა ძალაში ეს [აგენტების] კანონი და უკვე ის მოქმედებს". ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

"ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე ის მოქმედებს. ყველა ცხადად ვხედავთ, რა დევს ამის მიღმა და საზოგადოება იმიტომ აპროტესტებს, რომ იცის, ამას რა მოჰყვება. იცის, რომ ეს არის მხოლოდ შესავალი, დასაწყისი რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მიიღებთ უფრო დიდ შეკრებას და ეს პროტესტი არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა ასე უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა..", – ასე დაასრულა ახვლედინმა სიტყვით გამოსვლა, რადგან მას განცხადების დასრულების საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა.

დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.

პაპუშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს თაკო ჩარკვიანსა და სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა, მანამდე კი მიკროფონის გათიშვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო მათ გაფრთხილება მისცა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S