შალვა შავგულიძე – შალვა პაპუაშვილს: როდესაც კითხვა მეორდება, უფლება არ გაქვთ პარლამენტის წევრს შეაწყვეტინოთ და არ დაასმევინოთ ის
01/05/2024 11:45:01 პოლიტიკა
როდესაც კითხვა მეორდება, უფლება არ გაქვთ კონკრეტულ პარლამენტის წევრს რომ შეაწყვეტინოთ და არ დაასმევინოთ ის, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
პაპუაშვილი ოპოზციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია დროის “გაწელვას“ ცდილობს.
შავგულიძისა და პაპუაშვილის დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:
– ბატონო შალვა პაპუაშვილო, რეგლამენტში სადმე თუ წერია, რომ თუ კითხვა მეორდება, ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარეს შეუძლია, რომ შეაწყვეტინოს და არ დაასმევინოს შეკითხვა?
–კი 112–ე მუხლი სწორედ მაგას ამბობს, რომ საჭიროებს შემთხვევაში...
– აბა რას?
– 112–ე მუხლის მეოთხე ნაწილი, ზუსტად მაგას ამბობს..
– აბა წავიკითხოთ...
– საჭიროების შემთხევაში კითხვების დასმა შეიძლება, შეწყვიტოს.
– ეს საერთოდ კითხვების დასმის შეწყვეტას ეხება, რომ თქვას, რომ კითხვების დასმა აღარ გაგრძელდება, მაგრამ კითხვა მეორდება და კონკრეტულ პარლამენტის წევრს რომ შეაწყვეტინოთ და არ დაასმევინოთ ამის უფლება არ გაქვთ.
– როგორ გეკადრებათ...
პაპუაშვილის საპასუხოდ, შავგულიძე შეეცადა, დაემტკიცებინა მისი ნათქვამის სისწორე, თუმცა პაპუაშვილმა მას სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.
"არ წერია ეს რეგლამენტში. მაშინ წამიკითხეთ მუხლი . კონსტიტუციის მე–4 მუხლი, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოს განსაზღვრავს, მის მე–4 პუნქტში...", – განაცხადა შავგულიძემ მანამდე, ვიდრე პაპუაშვილი მიკროფონს გაუთიშავდა.
აღნიშნულის შემდეგ პაპუაშვილმა შემდეგი დასძინა:
"გასაგებია. რა კონსტიტუციის მე–4 მუხლი. ახლა წაგიკითხეთ რეგლამენტი, მათ შორის წაგიკითხეთ, რომ კითხვების დასმის შეწყვეტა შინაარსთან უნდა იყოს, რომელ საკითხზეც არის და მეტი სხვანაირად რაღა წაგიკითხოთ, მათ შორის აი ამ საქციელისთვის შემიძლია, ასევე სხდომის დატოვებაც მოვითხოვო".
- დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.
სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ. ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებს იმეორებენ, რადგან "ოცნება" მათ კითხვებს რიგ შემთხვევაში უპასუხოდ ტოვებს.
პაპუშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანს, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი სხდომიდან გააძევა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.


