ოპოზიციური პარტიები: მთავრობამ კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას
01/05/2024 12:48:56 პოლიტიკა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთო განცხადებით მოუწოდებენ მოქალაქეებს, 1 მაისს,17:00 საათიდან შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე.
განცხადების ტექსტი, რომელიც პარლამენტთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა, უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“.
მათ დაგმეს აქციის ძალადობრივი დაშლა, დემონსტრანტებზე, მათ შორის, პოლიტიკოსებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები:
„მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს".
ოპოზიცია მოუწოდებს პოლიციელებს, „არ შეასრულონ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები“. ასევე მიიჩნევენ, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ისინი ამბობენ, რომ აქციის ძალადობრივად დარბევით „მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას".
„ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა", - აცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.


