ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
01/05/2024 13:08:17 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანს შეხვდა,- იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
"საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს - ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის",– ვკითხულობთ ინფორმაციაში.


