Accentnews.ge
თამარ კორძაია: იქნებ შეცვალოთ კანონის ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ, ყველა გავწევრიანდეთ, ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით

თამარ კორძაია: იქნებ შეცვალოთ კანონის ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ, ყველა გავწევრიანდეთ, ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით

01/05/2024 13:36:59 პოლიტიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მმართველ გუნდს სთავაზობს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრის ამოქმედება უკანა თარიღით - 2005 წლიდან მოხდეს.

“2013 წლამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში ვმუშაობდი, ასევე, ვიცავდი მედიის უფლებებს. მაშინ, ჩემს მარჯვნივ მყოფი ადამიანებისთვის ძალიან სასურველი ადამიანი ვიყავი - თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი და არავითარი რეგისტრაცია არ მჭირდებოდა. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა. იქნებ, შეცვალოთ ეს ვადა და ჩემი ჩათვლით და თითოეული თქვენგანის ჩათვლით, ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ - ყველა გავწევრიანდეთ, ყველა ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია - დავიწყოთ სულ თავიდან!“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.

პაპუშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანს, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი სხდომიდან გააძევა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S