Accentnews.ge
პრემიერი: ძალადობა შობს ძალადობას

პრემიერი: ძალადობა შობს ძალადობას

01/05/2024 15:16:39 პოლიტიკა

ძალადობა შობს ძალადობას, – ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე გუშნდელ აქციას.

მისივე თქმით, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

„რაც შეეხება გუშინდელ ძალადობრივ აქციას, რომელიც სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა. მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით.

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია.

ასევე, გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ.

ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა“,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

1 მაისს შსს–მ განაცხადა, რომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S