სამხარაძეს კონგრესმენები, მათ შორის, "აგენტების კანონზე" ესაუბრნენ
02/05/2024 06:53:47 პოლიტიკა
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს – ჯერი კონოლისა და ოსტინ სკოტს შეხვდნენ. ორიოდ დღის კონგრესმენებმა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ გაააფრთხილეს, რომ „აგენტების კანონის“ მიღება პუტინის გზაა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი (რომელსაც საზოგადოებაში "რუსულ კანონს" უწოდებენ) და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის საჭიროებაზე და აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ კონგრესმენებს გეიბ ამოს, მაიკ ლოულერსა და უესლი ჰანტს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე და ევროპის უსაფრთხოებაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოში დაგეგმილ სტრატეგიულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აუცილებლობაზე.
„ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებაზე. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
2 მაისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ დაგმეს "კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის შესახებ" კანონმდებლობის საქართველოს მთავრობის მიერ წინსვლა" და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "ეს ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და NATO–სკენ საქართველოს მისწრაფებებზე".
29 აპრილს ორგანიზებულ კონტაქციაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირადად გააჟღერა მმართველის ძალის ხედვა და შეთქმულების თეორიები, რომელთაც მანამდე „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ვისმენდით:
· 2004-12 წლებში საქართველოს მართავდა „უცხოური აგენტურა“, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებდა;
· „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს ევროკავშირს და ნატოს;
· წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“;
· მათ დღემდე ამოძრავებთ სურვილი, „საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ“;
· "გლობალური ომის პარტიისთვის“ საქართველოსაც და უკრაინასაც „მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.
· ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია - „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.


