Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და გაიწვიოს "აგენტების კანონი"

ევროპარლამენტარები: საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და გაიწვიოს "აგენტების კანონი"

03/05/2024 07:36:13 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი "აგენტების კანონთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მოუწოდებენ, "საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ" და გაიწვიოს "აგენტების კანონი".

ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" აპროტესტებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი დამტკიცდება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე. ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, რომ რუსეთის ორბიტის ნაწილნი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 1 მაისს შსს–მ განაცხადა, რომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

1 მაისს პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სექტორისთვის 13 მაისამდე გამოცხადებული უქმე დღეების შემდეგ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S