Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე – ქართველ დიპლომატებს: ახლა სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე

მამუკა ხაზარაძე – ქართველ დიპლომატებს: ახლა სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე

03/05/2024 09:52:34 პოლიტიკა

"თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის - ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე - პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!", - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატებს და საქართველოს სხვა სახელმწიფოებში აკრედიტებულ ელჩებს მიმართა.

მისივე თქმით, „ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე“.

„მინდა მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და „ოცნების“ მიერ მეორე მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებულები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.

დღეს, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს, არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის...

ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!

პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 1 მაისს შსს–მ განაცხადა, რომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

1 მაისს პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

“აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. შეკრების დაწყებიდან მალევე გზის გადაკეტვის პირველი მცდელობისას პოლიციამ დააკავა რამდენიმე დემონსტრანტი. მათ შორის, მეგობრების და ჯგუფის წევრების ინფორმაციით, დაკავებული არიან ჯგუფ "ქვემეხის" წარმომადგენელი სანდრო ქერაული და Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. პოლიციამ რამდენიმე მომიტინგის დაკავების შემდეგ გადაკეტილი საავტომობილო გზა გახსნა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადაიყვანეს, თუმცა მალევე მათ გზის ხელახლა გადაკეტვა მოახერხეს.

პარალელურად, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. მოგვანებით, იქ მყოფმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნის მიმართულებით დაიწყეს მსვლელობა.

3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ". 3 მაისის შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 02:40 წუთზე, გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ამ დროისთვის ადგილზე დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. გმირთა მოედნიდან რამდენიმე ქუჩის მიმართულებით ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერგილი ტერიტორია პოლიციელებმა გაათავისუფლეს. გმირთა მოედნის გახსნამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა მსვლელობით.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სექტორისთვის 13 მაისამდე გამოცხადებული უქმე დღეების შემდეგ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S