Accentnews.ge
სააკაშვილი: ხელისუფლებამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ფაქტობრივად, გააუქმა

სააკაშვილი: ხელისუფლებამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ფაქტობრივად, გააუქმა

03/05/2024 14:16:10 პოლიტიკა

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა.

„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, - წერს სააკაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 2 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს. შეხვედრებზე განსახილველ თემებში დასახელებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.

„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ამერიკელ დიპლომატს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

„გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - განაცხადა საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.

ცნობისთვის: სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 11 დღეში დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S