Accentnews.ge
ბერდია სიჭინავა: ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან!

ბერდია სიჭინავა: ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან!

09/05/2024 11:01:06 პოლიტიკა

პარტიის „საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას შეფასებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: "ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს" და "ასევე ძალადობით დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს".

მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება.

„სამწუხარო ფაქტია, რომ 12 წლის თავზე ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკის საკეთებელ ინსტრუმენტად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა დარჩა. „ოცნება”, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე დაშინების და ძალადობის ზუსტად იმ მეთოდებს იყენებს, რასაც თავად ებრძოდა. ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი. ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერა 30%-იც აღარ არის - აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების მიწურულს ფიზიკური ძალადობით, დაშინებით, მუქარით და კორუფციით აკომპენსირებს. სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უსაფრთხოების სამსახურს, შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და ძალადობის აღკვეთა მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ახლა ივანიშვილი სამართალდამცავებს და მოქალაქეებს შეგნებულად ერთმანეთს აპირისპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა ჩვენგანის საერთო მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც მმართველი ძალა მეორედ ცდილობს.

"ერის მტრები", "ფულზე გაყიდულები", "აგენტურა", "ბოლშევიკები", – სიძულვილის ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, რომლის სამიზნეც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არიან, თბილისში წარწერები და პოსტერები გაჩნდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან უცხო ნომრებიდან მასობრივად რეკვის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხოფის კამპანია, დაფიქსირდა ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.

8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. შავი სიების შექმნა დააანონსა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს, თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S