პოლონელმა, ამერიკელმა და გერმანელმა დიპლომატებმა პუტინი ტყუილში ამხილეს
31/12/2019 07:39:02 მსოფლიო
პოლონეთში აშშ-ის ელჩის ჯორჯიტ მოსბაჩერის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყეს და ერთობლივად შეიჭრნენ პოლონეთში. ასე უპასუხა ჯორჯიტ მოსბაჩერმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთის ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის თაობაზე. ამასთან, პუტინის შეფასებით, პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი“.
„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ, ჰიტლერმა და სტალინმა მოაწყვეს შეთქმულება და დაიწყეს ომი. ეს არის ფაქტი. პოლონეთი ამ საშინელი კონფლიქტის მსხვერპლი იყო“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
მოგვიანებით განცხადებას რუსეთის საელჩომ უპასუხა. „ძვირფასო ელჩო, თქვენ რა მართლა გგონიათ, რომ ისტორია უკეთ იცით, ვიდრე დიპლომატია?“- წერია განცხადებაში.
თემაზე კომენტარი გერმანიის ელჩმაც გააკეთა. მისი თქმით, „საბჭოთა კავშირმა, გერმანიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სასტიკ დაყოფაში“.
საკითხს გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ვლადიმირ პუტინი, მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში მიზანმიმართულად იტყუება.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის პირველ სექტემბერს პოლონეთის დაპყრობით დაიწყო, რა დროსაც ქვეყანაში ჯერ ნაცისტური გერმანია, ხოლო შემდეგ საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ. მასშტაბური საომარი მოქმედებების დროს დაახლოებით 6 მილიონი პოლონელი დაიღუპა.


