მიხეილ დაუშვილი: რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა
10/05/2024 08:06:07 პოლიტიკა
"რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა", - ასე ეხმიანება პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ წერილს.
მისივე თქმით, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტები აპროტესტებენ “ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს, ევროპასთან დაშორებას და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს”.
“ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. შინაარსი არ გააჩნია - წეროს და იკითხოს რამდენიც უნდა. რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა. რა “ნაცი”? მე და ჩემი უამრავი მეგობარი რომ იქ ვდგავართ, ვინ არის იქ “ნაცი”? “ნაცი” კი არა, ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს და ევროპას რომ გვაშორებენ მაგას. მაგას ვაპროტესტებთ ყველანი და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს - ეგ არავის არ აინტერესებს იქ”, - აღნიშნა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, დაუშვილმა.


